10 სტრატეგია ინგლისური ენის ცოდნის დასახვეწად
ინგლისური ენის დახვეწა დიდ დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. პრაქტიკა მეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად, არამედ არსებულის შესანარჩუნებლად.
გთავაზობთ პრაქტიკის გაუმჯობესების რამდენიმე ეფექტურ სტრატეგიას; თავად განსაზღვრეთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო.
4 რჩევა ეფექტური სტრატეგიული გეგმის შესადგენად
ინგლისური ენის ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით
- შეიმუშავეთ და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგეთ სტრატეგიული გეგმა;
- შეარჩიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან მინიმუმ სამი და ნახეთ, შეძლებთ თუ არა მათ ყოველდღიურად გამოყენებას;
- განახორციელეთ ის რამდენიმე კვირის მანძილზე და დააკვირდით სასიკეთო ცვლილებებს;
- გადადით სხვა სტრატეგიაზე, თუ რომელიმე მათგანი არ გაამართლებს ან/და თქვენ ვერ შეძლებთ მის გამოყენებას.
და ბოლოს, ჩვენი შეთავაზება:
სტრატეგიული გეგმა
- დაუმეგობრდით ინგლისურენოვან ადამიანებს. ისაუბრეთ მათთან რაც შეიძლება ხშირად სხვადასხვა თემებზე.
- შექმენით ე. წ. ფრაზების წიგნაკი და ჩაწერეთ მასში ახალი სიტყვები. წესად აქციეთ ახალ სიტყვებზე მუშაობა და ძველის გამეორება. თქვენი ლექსიკური მარაგი ყოველდღიურად გაამდიდრეთ 15-20 სიტყვით.
- გააკეთეთ საკუთარი საუბრის აუდიო ჩანაწერი. ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ ენის შესწავლაში, სმენის გამახვილებასა და მეტყველების დახვეწაში.
- იკითხეთ ხმამაღლა დღეში 10 წუთის განმავლობაში. განსაკუთრებით დაგეხმარებათ პერიოდული პრესის – ჟურნალ-გაზეთების გაცნობა და მცირე ზომის მხატვრული ტექსტის წაკითხვა.
- უყურეთ ინგლისურენოვან ფილმებს. აირჩიეთ ფილმი ინგლისური სუბტიტრებით. ყურებისას თქვენ არაფერი გამოგრჩებათ. ამით განივითარებთ როგორც მოსმენის, ისე კითხვის უნარებს.
- აჰყევით საყვარელი ინგლისურენოვანი სიმღერის ტექსტს. იმღერეთ თამამად და გატაცებით. ასევე, იღიღინეთ მოცალეობის ჟამს. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ ენის დაუფლებაში, არამედ განწყობის შექმნაში.
- ნუ დაგაბრკოლებთ შენიშვნები. სთხოვეთ თქვენს ინგლისურენოვან მეგობარს, გაგისწოროთ საუბრისას არასწორად წარმოთქმული სიტყვა/ფრაზა. განგიმარტონ მათ მიერ წარმოთქმული თქვენთვის გაუგებარი სიტყვა/ფრაზა.
- იკითხეთ ინგლისური წიგნები და სტატიები ვებ-გვერდზე (Books in English and articles on the web). სასურველია ის წიგნები, რომლებიც მშობლიურ ენაზე უკვე წაგიკითხავთ ან/და რომელთა ეკრანიზაციაზეც ხელი მიგიწვდებათ.
- ჩაინიშნეთ ის სიტყვები და გამოთქმები, რომელიც სასარგებლოდ მიგაჩნიათ. მნიშვნელობისა და სათანადო მაგალითების მოხმობა წინადადებაში ნანახ ფრაზას უფრო უკეთ დაგამახსოვრებთ.
- გაცდით კომფორტის ზონას – თავი ჩაიყენეთ რთულ მდგომარეობაში. თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც მხოლოდ ინგლისურად საუბრობენ, იძულებული იქნებით გამოიყენოთ თქვენი ინგლისური. ეს განვითარებისა და წარმატების მიღწევის საუკეთესო გზაა. მოსმენაზე კონცენტრირება და კომუნიკაციის აუცილებლობა მეტყველების პრობლემებს იოლად დაგაძლევინებთ.
გისურვებთ წარმატებას!
FACEBOOK კომენტარები